logo
ENG



ზალუჟნის თქმით, "აბრაზებს", როცა ესმის, რომ კონტრშეტევა "მოსალოდნელზე ნელა" მიმდინარეობს

30 ივნ 202315:35
3 წუთის საკითხავი
 
ზალუჟნის თქმით, "აბრაზებს", როცა ესმის, რომ კონტრშეტევა "მოსალოდნელზე ნელა" მიმდინარეობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თქმით, იმისთვის, რომ უკრაინას კონტრშეტევაში სწრაფი პროგრესი ჰქონდეს, ჯარს მეტი იარაღი სჭირდება.

The Washington Post-თან ინტერვიუში ზალუჟნიმ გამოხატა იმედგაცრუება, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინას თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს სწრაფად არ აწვდიან და უკრაინისგან ელიან, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს სწრაფად დაიბრუნებს.

ზალუჟნის თქმით, ამერიკისგან მიიღეს დაპირება, რომ მიიღებენ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს, თუმცა მისი თქმით, საუკეთესო შემთხვევაში ამ აღჭურვილობას 2023 წლის შემოდგომაზე მიიღებენ.

ზალუჟნიმ ასევე აღნიშნა, რომ კონტრშეტევის პირობებში მისი სამხედროები სულ მცირე, იმდენივე საარტილერიო რაკეტას უნდა ისროდნენ, რამდენსაც მტერი, მაგრამ რუსეთი უკრაინას შეზღუდული რესურსების გამო საარტილერიო შეიარაღებაში ათმაგად უსწრებს.

ზალუჟნის თქმით, მას "აბრაზებს", როცა ესმის, რომ უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით იმაზე ნელა მიმდინარეობს ვიდრე ელოდნენ - ეს აზრი საჯაროდ დასავლელმა ლიდერებმა და სამხედრო ანალიტიკოსებმა არაერთხელ გამოთქვეს.

ზალუჟნის თქმით, უკრაინელი სამხედროები ყოველდღიურად იბრუნებენ ტერიტორიის ნაწილს - თუნდაც ეს 500 მეტრი იყოს.

"ეს არ არის შოუ. ეს არაა შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს და ფსონებს დებს ან რამე. ყოველ დღე, ყველა მეტრი სისხლის ფასად მოიპოვება" - განაცხადა ზალუჟნიმ.

ზალუჟნის თქმით, ის ამ წუხილს სატელეფონო საუბრებში ხშირად უზიარებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკ მილის, ვისაც მეგობრად მიიჩნევს.

"ის სრულად იზიარებს ამას [წუხილს] და მე ვფიქრობ, მას შეუძლია დამეხმაროს, ამ ღელვისგან გათავისუფლებაში" - განაცხადა ზალუჟნიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ მილისთან საუბარში ყოველთვის გულწრფელია შედეგებზე, რაც იარაღის დეფიციტის პირობებში შეიძლება დადგეს. 

"ჩვენ გვაქვს შეთანხმება: 24/7-ზე კონტაქტზე ვართ. შესაბამისად, ზოგჯერ მე მას ვურეკავ და ვეუბნები „თუ არ მივიღებ კვირაში 100 000 ერთეულ ტყვია-წამალს, 1 000 ადამიანი დაიღუპება. თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე" - განაცხადა მთავარსარდალმა.

თუმცა, მისივე თქმით, "მილი არაა ის, ვინც წყვეტს მივიღებთ თვითმფრინავებს თუ არა. უბრალოდ ვიდრე ეს გადაწყვეტილებები მიიღება, სინამდვილეში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კვდება - უამრავი. მხოლოდ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება არ მიღებულა" - თქვა ზალუჟნიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის გეგმების შესრულება წარმოუდგენელი იქნება, თუ დასავლეთიდან სრულად არ მიიღებს იარაღს.

"მაგრამ [კონტრშეტევა] ხორციელდება. შესაძლოა, არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მონაწილეებს, დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა" - განაცხადა ზალუჟნიმ.

უკრაინის ჯარების მთავარსარდალმა ისაუბრა NATO-ს ძალების დოქტრინაზეც, რომლის მიხედვითაც საჰაერო უპირატესობაა აუცილებელი იმისთვის, რომ ხმელეთზე ფართომასშტაბური ოპერაცია დაიწყოს.

"არავინ ამბობს, რომ ხვალ უნდა შევიარაღდეთ და მივიღოთ 120 თვითმფრინავი. რატომ? არ მჭირდება 120 თვითმფრინავი. არ ვაპირებ მსოფლიო დავაშინო. ძალიან შეზღუდული რაოდენობაც საკმარისი იქნება. თუმცა ეს საჭიროა, რადგან სხვა გზა არ არსებობს. რადგან მტერი იყენებს სხვადასხვა თაობის ავიაციას" - განაცხადა ზალუჟნიმ.

 

close დახურვა